ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგობას საპარლამენტო უმრავლესობა კონკრეტულ ინტერესს უკავშირებს. სახელისუფლებო პარტიის მიერ მომზადებულ პროექტზე საერთაშორისო კრიტიკა არ წყდება, უმრავლესობაში კი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ მწვავე განცხადებები მართული პროცესია და სამიზნე ზეწოლით და, ზოგ შემთხვევაში, შანტაჟითაც, მმართველი გუნდის პოზიციის შეცვლაა. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პოზიცია ვერც პერსონალურ სანქციებზე მინიშნებით გადაიხედება.
პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, ამ მხრივ, პარტნიორებთანაც მუშაობს. ოპოზიციას საერთაშორისო კრიტიკა არ უკვირს და უფრო მწვავე პოზიციების მოლოდინიც აქვს. მათთვის ქვეყნის ფარგლებს მიღმა გაკეთებული შეფასებები არც შიდა საქმეებში ჩარევა და არც ზეწოლის მცდელობაა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა იქცეს კანონპროექტი კანონად.
"ქართული ოცნებისთვის", როგორც ოპონენტების, ასევე პარტნიორების განცხადებების უმრავლესობა უარგუმენტო კრიტიკაა. სახელისუფლებო პარტია გამჭვირვალობის უალტერნატივობაზე საუბრობს, მწვავე შეფასებები მიღმა კი ორმაგი სტანდარტს ხედავს.
ის, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები, საქართველოს გაწევრიანების პროცესის ჩაშლით ემუქრებიან, უაზრო შანტაჟს ჰგავს, - ამ შინაარსის სტატიას, ამერიკული ონლაინ ჟურნალი ”ჯაკობინი” აქვეყნებს. ”შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე", სწორედ ასე დაასათაურა ავტორმა მასალა.
გამოცემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვრცლად განიხილავს. ავტორი წერს, რომ ანტისამთავრობო პროტესტი შეფასდა, როგორც ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იმის მიუხედავად, რომ მთავრობასაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ის, ასევე საშიშ თამაშს უწოდებს კანონის მიბმას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან.