16 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პიარული გალობა თუ აღდგომის ღამეს აღვლენილი გულწრფელი ლოცვა - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქტივისტების გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება, "ნაციონალური მოძრაობაა"

მმართველი გუნდისთვის, "თბილისი პრაიდის" თანადირექტორის მიერ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში სააღდგომო გალობა ფარსია. სახელისუფლებო პარტიაში მიიჩნევენ, რომ, მსგავსი აქტივობებით, ანა სუბელიანი და აქციის სხვა ორგანიზატორები ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში. ნინო წილოსანი დარწმუნებულია, რომ პროტესტანტები რწმენას მხოლოდ მოქალაქეების ნდობის მოპოვებისთვის იყენებენ.

ანა სუბელიანისა და მისი თანამოაზრეების მიერ შესრულებული გალობა შეფასებების საგანია ოპოზიციაშიც. საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, პარტია "ახალში" მიიჩნევენ, რომ აქციის მონაწილეების მსგავსი თემის გამო კრიტიკა მიუღებელია. პოლიტიკური გაერთიანება "გირჩისთვის" კი აქტივისტების გადაწყვეტილება - ერთად ელოცათ - ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგია.

პარტია "ხალხის ძალისთვის", ქაშვეთის ეკლესიასთან საზოგადოების ყურადღების მიპყრობისთვის განკუთვნილი პერფორმანსი იყო. უმრავლესობის წევრებმა "თბილისი პრაიდის" თანადირექტორს, სოციალურ ქსელში, აღდგომა დღეს დაწერილი კომენტარებიც გაახსენეს, სადაც სუბელიანმა პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქტივისტების გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება, "ნაციონალური მოძრაობაა". მიხეილ სააკაშვილის პარტიაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ის ადამიანები არიან საქართველოს მომავალი, ვინც აქციებზე დგანან.

დღეს, "თბილისი პრაიდის" თანადირექტორმა მედიასთან საუბარი არ ისურვა.

პოლიტიკური შეფასებები და კრიტიკა, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" წინააღმდეგ შეკრებილი აქციის ორგანიზატორთა სააღდგომო გალობასა და, მის პარალელურად, მეორე დღეს, ანა სუბელიანის მიერ პატრიარქის შეურაცხყოფას მოჰყვა.

დღის ამბები