16 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
წამოცდენა თუ რევოლუციური გეგმის ნაწილი - "ნაციონალური მოძრაობის" კარგად ნაცნობი ძველი სახე თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შესაძლო მსხვერპლზე საუბრობს

წამოცდენა თუ რევოლუციური გეგმის ნაწილი - "ნაციონალური მოძრაობის" კარგად ნაცნობი ძველი სახე თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შესაძლო მსხვერპლზე საუბრობს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფატალური შემთხვევა ახსენა და თქვა, რომ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ასეთ დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.

"ხელახლა ვუყურებთ "ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთების აღორძინებას ქუჩაში“ - ესეც ყოფილი დიპლომატისა და თბილისის ყოფილი მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვებია. მაშინ, როდესაც დაგეგმილ რევოლუციაზე დიდი ხანია საუბრობს თავად "ქართული ოცნება" და მთელ პასუხისმგებლობას არეულობაზე ოპოზიციას აკისრებს. "ორი გვამი მინდა!" - დღეს მმართველმა პარტიამ "ნაციონალურ მოძრაობას" ვანო მერაბიშვილის ეს სიტყვებიც გაახსენა.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციებზე ოპოზიციას მსხვერპლი სჭირდება. ამის დამადასტურებელ არგუმენტად სახელისუფლებო პარტიაში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება მოჰყავთ. "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, არ გამორიცხა, რომ დემონსტრაციებს შესაძლოა ფატალური შედეგიც მოჰყვეს, რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება. "ქართულ ოცნება" ჭიაბერაშვილის სიტყვების მიღმა პიტერ აკერმანის ტრეინინგების კვალსა და ოპონენტების რეალურ მისწრაფებებს ხედავს.

ჭიაბერაშვილის განცხადების შინაარსს იზიარებენ მისი თანაპარტიელებიც. მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივნის სიტყვებს საფუძველი დემონსტრაციების დროს განვითარებულმა მოვლენებმა მისცა. ოპოზიციურ პარტიაში ამტკიცებენ, რომ მსგავსი მძიმე შედეგის მოლოდინს ხელისუფლების ქმედება აჩენს.

"ნაცმოძრაობის" მსგავსად, ჭიაბერაშვილს სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც ეთანხმებიან. პოლიტიკოსების აზრით, რისკები არსებობს - თუმცა ყველა სახის სცენარებზე პასუხისმგებლობა, სრულად, მმართველ ძალას ეკისრება.

ოპონენტების მხრიდან სავარაუდო მსხვერპლზე საუბარი მორიგი აღიარებაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებმა დღეს საზოგადოებასა და ოპოზიციას სხვადასხვა ქვეყანაში, ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციების დროს, დატრიალებული ტრაგედიებიც გაახსენეს. დეპუტატები ოპოზიციას აფრთხილებენ, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერი მცდელობა კანონის შესაბამისი სიმკაცრით იქნება დასჯილი.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა, მეორე მოსმენით, უკვე დაამტკიცა. კანონის საწინააღმდეგო აქციები დედაქალაქში რამდენიმე კვირაა იმართება.

დღის ამბები