რატომ რუსული? "ქართული ოცნება" ტრადიციულ კითხვას სვამს და კვლავ არგუმენტებს ითხოვს. საპროტესტო აქციების ფონზე, ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე უმრავლესობა ისევ მუხლობრივ კითხვებსა და შენიშვნებს ელის.
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კონკრეტულ ენჯეოებსა და პარტიებს, კანონზე რუსული წარმომავლობის იარლიყის მიწებებით, შავი ფულის წარმომავლობის დამალვა სურთ.
ვაშინგტონსა და ბრიუსელში უკვე ისმის ფრაზები ამ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, თუმცა ქართული პოლიტიკა ჯერჯერობით მყარად დგას თავის რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე.
ოპოზიციისთვის უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტი მთლიანად რუსულის იდენტურია, "ქართული ოცნება" კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ ქართული პროექტი არათუ რუსულის, ყველა დასავლურ ანალოგიურ კანონთან შედარებით, ყველაზე ლიბერალურია.
რატომ არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი რუსული? - მმართველი პარტია მთავარ შეკითხვაზე ოპოზიციის არგუმენტირებულ პასუხს ამ დრომდე ელოდება. ის რომ ქართულ კანონპროექტში რუსული კანონის ანალოგიები არ არსებობს - სახელისუფლებო გუნდის თქმით, თავად ოპოზიციამაც დაადასტურა. კანონპროექტის შინაარსი და მიზნები ინიციატორებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს და თქვეს, რომ ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება ის ე.წ. შავი ფულისთვის იბრძვის.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ ვერ აკონკრეტებს, რა მსგავსებაა რუსულ კანონსა და ქართულ კანონპროექტს შორის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ მხოლოდ იმას, რომ კანონი ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება და ევროინტეგრაციის პროცესს საფრთხეს უქმნის. კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს "ლელო", სადაც ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი არალეგიტიმურია.
ქართულ კანონპროექტსა და რუსულ კანონს შორის განსხვავებები არაერთხელ განმარტეს სახელისუფლებო გუნდში. თქვეს, რომ რუსული კანონი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ქართული კანონპროექტი კი ამ შესაძლებლობას არ უშვებს. თუ რუსეთში მოქმედი კანონი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ქართული მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება; "ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებები, დასავლეთში მოქმედ, ანალოგიურ კანონებთან შედარებით, ყველაზე ლიბერალურია, არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და მათგან მხოლოდ ფინანსების დეკლარირებას ითხოვს.
რატომ სურთ ინიციატორებს კონკრეტული სუბიექტები უცხო ქვეყნის გავლენის ობიექტებად დარეგისტრირდნენ - შეკითხვას პარტია "გირჩი" სვამს, სადაც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონპროექტის მიღების აუცილებლობა არ დგას.
"ოპოზიციის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციის გავრცელება’’- ასე პასუხობს სახელისუფლებო გუნდი ოპონენტების კრიტიკას და ამბობს, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვაა. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ქართული კანონპროექტი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა და მთავარი სახელმძღვანელო ამ პროცესში ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი, საფრანგეთში ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, ევროკავშირში ინიცირებული დირექტივა და ისრაელში მიღებული კანონი იყო.
’’უცხოური გავლენის გამჭვირვალობის’’ შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 2 მოსმენით, აქციების ფონზე მიიღო. დოკუმენტზე მსჯელობა მომავალ სასესიო კვირას განახლდება.