ბიუჯეტის სავარაუდო ფლანგვის კიდევ ერთი ფაქტი - ოპოზიცია იმ განკარგულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც თბილისის ტერიტორიაზე უძრავი ქონების აზომვა-აღრიცხვისთვის მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. მასში არაფერია ნათქვამი, თუ რის საფუძველზე გადაწყდა კონკრეტულად ამ თანხის გამოყოფა. ლევან ხაბეიშვილი საკითხის დაყენებას სარევიზიო კომისიის დღევანდელ სხდომაზე აპირებს.
"დოკუმენტში თანხა მილიონ 700 ათასი ლარი საიდან მოვიდა, რატომ არის საკმარისი ან რატომ შეიძლება ნაკლები არ იყოს, არ არის. საუბარი იმაზე რომ მილიონ 700 ათას ლარს დამატებით გამოყოფენ იმისთვის, რომ თურმე ესენი აზომონ და გაარკვიონ თბილისი რა ქონებას ფლობს, არის თბილისელებისთვის ნაცრის შეყრა თვალებში,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხის გამოყოფა, შეთანხმდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და ის ქონების აღრიცხვისთვის საჭირო ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს მოხმარდება.