ლარის დრამატული გაუფასურება - ფინანსთა სამინისტროში განმარტება კეთდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოქმედი მიკრო და მაკროეკონომიკური პარამეტრები არ მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი უნდა უფასურდებოდეს. „კურიერმა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დაუსვა შეკითხვა, ხომ არ დაიხარჯა წინასარჩევნოდ დიდი ფული, რამაც ეროვნული ვალუტის ვარდნა გამოიწვია. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ბიუჯეტს იმაზე მეტი ხარჯი არ გაუწევია, ვიდრე დაგეგმილი იყო.
„ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ლარის კურსი არ უნდა უფასურდებოდეს. შესაბამისად, ნამდვილად არ ვიცი, მაისში თუ რაიმე კონკრეტული მოთხოვნაა, რის გამო გაიზარდა. ბიუჯეტს არ გაუწევია იმაზე მეტი ხარჯი, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენ მუდმივად კრიტიკა გვაქვს და დღესაც გვქონდა განხილვა, რომ დაგეგმილი მაჩვენებლების აუთვისებლობა იყო, გარკვეულწილად, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რაღაც გარკვეული გაუთვალისწინებელი ხარჯები გაიწია არჩევნებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს, რომ რეზერვები უნდა ყიდოს,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ეროვნული ვალუტის დრამატული გაუფასურება გრძელდება. ლარი ისტორიულ მინიმუმთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2.81 ლარზე მეტია. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა 2.78 ლარად არის შესაძლებელი.
ეროვნული ვალუტის ისტორიული მინიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2.78 ლარი ღირდა.