19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას" - ბესელია საკუთარ პარტიას ქმნის

რამდენიმე კვირაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ორი ახალი პარტია შეემატება. ერთ პარტიას ეკა ბესელია ქმნის, მეორეს კი მმართველი პარტიიდან გარიცხული დავით ჭიჭინაძე.

წარსულში ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსი ეკა ბესელია ამბობს, რომ მის გვერდით ბევრ ისეთ სახეს ვიხილავთ, რომელსაც ჯერ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური პროტესტი არ გამოუცხადებია.

ბესელია ცხადებს, რომ მისთვის მთავარი სამართლიანობისთვის ბრძოლაა, რომელიც მისი აზრით, არ დასრულებულა.

„ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი, ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია ამას განვიხილავ და შესაბამისად პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილებები, ეს არის რეალისტური.

"საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც არასოდეს ყოფილა პოლიტიკაში, მაგრამ თავის პროფესიაში არის წარმატებული და საინტერესო, ასეთი პროფესიული წარმომადგენლობა მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო ერთობის საფუძველი, რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“ ამ მოძრაობის პოლიტიკურ მოძრაობად გადაკეთებას არ აპირებენ. არავითარი მესამე ძალა, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას,“-ამბობს ბესელია.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა მისი პარტიის რიგებში გამოჩნდნენ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია, ბესელია ამბობს, რომ არაფერია გამორიცხული.

ბესელიას თანაგუნდელი, გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ  პარტიაში ყველა იმ ადამიანის ადგილია, ვინც თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება. მისი თქმით, მას კომუნიკაცია აქვს გიორგი კვირიკაშვილთანაც, თუმცა ვერ შეეხვეწება რომ მათი თანაპარტიელი გახდეს.

დღის ამბები