19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
საზღვრის დელიმიტაციის საკითხი და მოლაპარაკებები ბაქოში - პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მხარეები სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით იხელმძღვანელებენ და შედეგი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სწრაფად იქნება. 

"მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს,"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა ბაქოში დღეს იმართება. შეხვედრაზე საუბარი იქნება დავით გარეჯას ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული.

დელეგაციებს ამჟამადაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები უხელმძღვანელებენ. კომისიის პირველი სხდომა გასულ კვირას შედგა.

მოლაპარაკებების პარალელურად კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.

მისი ცნობით, ჩიჩხიტურის კოშკთან მიმდინარეობს გზის გაყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა და შეუჩერებლად მუშაობენ.

პარალელურად საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

დღის ამბები