19 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
"ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან" - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით გარეჯში აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებზე 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია, საგარეო საქმეთა მინისტრმა საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო.  ამის შესახებ განცხადება ზალკალიანმა, ვითარების შეფასებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა. 

დავით ზალკალიანის თქმით, არსებულ ვითარებაზე შეფასებას, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გააკეთებს. 

„მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით თქვენ, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად მიმდინარეობს, რომელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს,ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ მიმდინარეობს. ჩვენ გვყავს მესაზღვრეები, რომელთაგან მე მჭირდება ზუსტი ინფორმაცია“ - განაცხადა ზალკალიანმა. 

ინფორმაციის გადამოწმებაზე საუბრობს განათლების მინისტრიც. მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ  მთავრობის მხრიდან სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვა სწორედ ამის შემდეგ მოხდება. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.

მისი ცნობით, ჩიჩხიტურის კოშკთან მიმდინარეობს გზის გაყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა და შეუჩერებლად მუშაობენ.

პარალელურად საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.

დღის ამბები