19 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
პრეზიდენტის მორიგი სკანდალი - ზურაბიშვილმა სააკაშვილი პრაქტიკულად ქვეყნიდან განდევნილად გამოცხადა და პუტინთან კი მოლაპარაკებები არ გამორიცხა 

სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადებების გამო ისევ სკანდალში ეხვევა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა დააბრუნონ სააკაშვილი სამშობლოში - უპასუხა, რომ მისი ადგილი ქვეყნაში არ არის და ამიტომ ის ან ევროპაში უნდა დაიტოვონ ან უკრაინაში დააბრუნონ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ინტერვიუში ვერც კი მიხვდა, როგორ აღიარა, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნილია.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ოპოზიციამ ის ძალადობრივი არჩევნები შეახსენა, რომლითაც "ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი ათონელის სასახლეში შევიდა. ოპოზიციამ ზურაბიშვილს დღეს ისიც განუმარტა, რომ ევროპელი პრეზიდენტისთვის უცხო არ უნდა იყოს, რომ ყოფილი ლიდერები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ და მათ სამშობლოში დაბრუნების პრობლემა არ აქვთ.

ესტონური ტელევიზია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებითაც დაინტერესდა და სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა პუტინს შეხვდეს და მასთან ისაუბროს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ამჯერად საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში არ დაუდანაშაულებია, თუმცა განაცხადა, რომ ის ინიციატივას პუტინისგან ელოდება.

ამ პოზიციას სრულად ეთანხმება მმართველი გუნდი. "ოცნებისგან" განსხვავებით, ამ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველი პარტიის პარტნიორ ძალას, „პატრიოტთა ალიანსს“.

პრეზიდენტის პოზიცია ორივე საკითხზე კატეგორიულად მიუღებელია თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის. თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი გაურკვეველ პოლიტიკურ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ არ იცის, რა მოეწონება მის რეალურ უფროსს, ბიძინა ივანიშვილს.

ეს არ არის უცხოურ მედიასთან გაკეთებული პირველი სკანდალური განცხადება, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანას უხერხულობა შეუქმნა. 

დღის ამბები