ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ის კონსერვატორული პარტიის ლიდერის პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს და ამ ვადაში ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდანაც წავა.
ემოციური განცხადება ტერეზა მეიმ დაუნინგ-სტრიტზე გააკეთა. მისი თქმით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი სისრულეში მოეყვანა და გული დაწყდა რომ მისია ვერ შეასრულა.
მოსახლეობისადმი მიმართვისას ტერეზა მეიმ ემოციები ვერ შეიკავა და იტირა კიდეც.
ვინ გახდება კონსერვატორების ლიდერი და ვინ დაიკავებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს - პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია. სახელდება სამი სავარაუდო კანდიდატი. მათ შორის არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი, გარემოს დაცვის მინისტრი - მაიკლ გოვი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი - ჯერემი ჰანტი.
"2016 წელს ბრიტანელები არჩევანის წინაშე დავაყენეთ. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ მათ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხალხს არჩევანს სთავაზობ, ვალდებული ხარ მისი გადაწყვეტილება შეასრულო. ძალისხმევა არ დამიშურებია ამისთვის. მაგრამ სამწუხაროდ პარლამენტარების დარწმუნება ვერ შევძელი. ახლა ქვეყნის ინტერესშია ახალი პრემიერი გაუძღვეს ამ პროცესს. ასე რომ გადავდგები პარტიის ლიდერის პოსტიდან 7 ივნისს, რომ შემცვლელი ავირჩიოთ. მე ვიყავი მეორე ქალი ამ პოსტზე და რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი. ძალიან მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს,"-განაცხადა ტერეზა მეიმ.