სახელმწიფოს მხრიდან ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. საქმე ეხება IDFI-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, არალეგალურად ხდება ფარული ჩანაწერების გაკეთება და რეალურად ოპონენტების დევნას ემსახურება.
კანდელაკის შეფასებით, საგამოძიებო უწყებები რეალური დანაშაულის გამოვლენის მიზნით არ იყენებენ მიყურადების უფლებას.
„პრობლემა სტატისტიკა კი არ არის, პრობლემა არის, რაც ხდება ამ სტატისტიკის მიღმა და რაზე იხარჯება რესურსები. ჩვენ ვხედავთ პრაქტიკაში, როგორ იდება ფარული ჩანაწერები არალეგალური გზით მოპოვებული სერგო რატიანზე, ოპოზიციის ლიდერებზე, ზოგი ფაბრიკაციაა, ზოგი ნამდვილი ჩანაწერია, მათ შორის, პირად ცხოვრებაზე გამოქვეყნებულა, მათ შორის, ყოფილ წევრებზე მმართველი პარტიის და კოალიციისა და როგორ არ ხორციელდება თვალთვალი და მიყურადება იქ, სადაც უნდა განხორციელდეს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ის სახლი, სადაც ჩატაევი და ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი ტერორისტები იმყოფებოდნენ და ფარული მიყურადების ქვეშ არ იყო. მაგალითად, ამ წლების განმავლობაში რუსეთის არცერთი ჯაშუში არ დაუკავებიათ, ეს არის პრობლემა,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.