ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ჯაბა ჯიშკარიანმა "ქართული ოცნების" წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ მსგავსი ხმების გავრცელება გაგრძელდება, ის თითოეულ მათგანს პასუხს გასცემს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა სხდომის დაწყებამდე ცხარე კამათი ჯაბა ჯიშკარიანსა და საკრებულოს წევრს, "ქართული ოცნებიდან," ბექა დავითულიანს შორის. დაპირისპირების თემა, სავარაუდოდ, ჯიშკარიანის მიერ მოგვიანებით განცხადებაში აღნიშნული პრობლემა იყო. ჯიშკარიანის თქმით, მისთვის იდეოლოგიურად მიუღებელია "ქართული ოცნების" კანდიდატი, ლადო კახაძე და მისაღებია შალვა შავგულიძე, თუმცა ის შუალედურ არჩევნებში ჩართული არ ყოფილა.
„ცდილობდით ჩემზე თავდასხმას და აქ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ზის, რომლებიც მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ძალიან პატარები, ამ ბიჭებთან და ამ ახალგაზრდებთან ერთად მაქვს ციხეებში მთელი ახალგაზრდობა გატარებული. ძალიან გთხოვთ, მსგავსი რაღაც ყურმოკვრით კი არა, არ მოვიდეს ჩემამდე ეს ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ერთმანეთს ვცეთ პატივი და ნუ გამომიყვანთ იმ პატივისცემისგან, რაც თითოეული თქვენგანის მიმართ გამაჩნია,“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა კორუფციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„რა ჰგონია ვინმეს, რომ კორუფცია ის არის, რომ საწყალ, მშიერ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელს 700 ლარის აღების ფაქტზე რომ დაიჭირენ? ეს ცუდია, მაგრამ კორუფციაა მონოპოლიების ხელშეწყობა, კორუფციაა პრეფერენციების მიცემა გარკვეულ ბიზნესჯგუფებზე. კორუფციაა ის, რომ პარლამენტის წევრები პრივილეგიებით და პრეფერენციებით სარგებლობენ და მიწის მონაცვლეობებს აკეთებენ, უსამართლოს. შეიძლება უკანონო არ არის, მაგრამ არის სამართლებრივი და სამართლიანი საკითხები. ეს არის უსამართლო,“ - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.