საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურით და ურთიერთბრალდებებით დაიწყო. ოპოზიციასა და მართველი გუნდს შორის კამათის მიზეზი მერის მიერ კომპანია „არკოსთვის“ გადაცემული მიწები გახდა.
შპს „არკოს“ 4 ათასი კვადრატული მეტრის სანაცვლოდ თბილისის მერიამ გადასცა 37 ათასი კვადრატული მეტრი. საკითხს „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, გადაწყვეტილება უსამართლოა. მისი თქმით, შპს „არკო“ ამ მიწის ტერიტორიას სატყეო ზონაში ფლობდა, მისთვის მშენებლობა არ იყო ნებადართული, ახლანდელ მიწის ნაკვეთს კი საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვს.
„ოდიშარიასთან დაკავშირებით მანკიერი პრაქტიკა ხომ დაამკვიდრეთ, 212 ათას ლარად ქონება რომ იყიდა, ხუთი მილიონი ლარის თბილისელების ქონება მიეცით, ამაზე ბევრი ვიდავეთ, თუმცა ეს პრაქტიკა არ დამთავრდა, აგრძელებთ ახლა და 4 ათას 124 კვადრატი რომ ჰქონდა ადამიანს, იმ მიწაზე აძლევთ 37 ათას კვადრატს ვაკეში, მაგრამ 10-ჯერ მეტ მიწის ნაკვეთს ვაძლევთ თბილისელების ხარჯზე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი ხელისუფლების მიმართ გააჟღერა ბრალდებები და წართმეულ ქონებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ბატონო ხაბე, ეს არის ის ქეისი, როდესაც 99 წელს ადამიანს ჰქონდა 11 ათასი კვადრატული მეტრი აღებული, სადაც ჰქონდა ნებართვა, მათ შორის მშენებლობის. თქვენმა რეჟიმმა 2003-დან და შემდეგ ადამიანს წაართვით, შვილი დაუკავეთ იმიტომ, რომ არ გაძლევდათ ამ მიწის ნაკვეთს, ეტყობა, თქვენი ვიღაცისთვის გჭირდებოდათ, შემდეგ ფული გადაახდევინეთ და შემდეგ გადააფორმებინეთ. იმ ნაწილს, რომელიც დაუტოვეთ, რეკრეაციული ზონა, ლანდშაფტური დაადეთ, ხოლო იმაზე, რომელიც ჩამოართვით და იმ კაცმა გადაგიფორმათ, სამშენებლო ნებართვა მიეცით,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.