ოპოზიციის მხარდამჭერები ზუგდიდში ყვებიან, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტების გახმაურების გამო, ხელისუფლება მათ სჯის. ისინი ყვებიან, რომ ვინც სანდრა რულოვსს მხარს უჭერდა, ახლა მათ ემუქრებიან და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ არიან.
ნინო ღურწკაიას სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მან „რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გეგა შენგელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ 150 ლარს სთავაზობდა.
არჩევნებამდე და მის შემდეგაც ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობს ზუგდიდის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციის კანდიდატს უჭერდა მხარს. ზოია ქვარცხავას არჩევნების წინა დღეს 18 მაისს საოლქო კომისიის წევრის შვილი სპორტული იარაღით დაემუქრა და ჰაერში გაისროლა.
არჩევნების დროს გამოიყენებოდა სხვა ტიპის ზეწოლაც. გივი ანდღულაძე ამბობს, რომ ის ჯერ „ქართული ოცნების“ შტაბში დაიბარეს, შემდეგ კი ღობის მორღვევა მოსთხოვეს იმის გამო, რომ მასე სანდრა რულოვსის პლაკატები იყო გაკრული.
არჩევნების დროს ხალხზე განხორციელებული ტერორის ფაქტებს ერთ დასკვნაში ფონდი „ემპათია“ გააერთიანებს. არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესის დროს ადამიანებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ ფაქტებზე ერთ დოკუმენტს შექმნის.
ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, დაშინებას, ნარკოტიკის ჩადებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კრიმინალების ჩარევას. მისი შეფასებით, ქვეყნაში არჩვენები აღარ ტარდება და ძველი საბჭოური სისტემა ყალიბდება, სადაც არჩევნების შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული.
„ემპათიას“ უკვე მზად აქვს ანკეტები და კითხვარი, რომლითაც არჩევნების დროს ძალადობის მსხვერპლებს მიმართავს. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ, პირველ რიგში, მათ მუქარის მსხვერპლებზე ფსიქოლოგიურად უნდა იმუშაონ, რათა ადამიანებმა საკუთარ პრობლემებზე ღიად ლაპარაკის შიში დაძლიონ.
ავტორი: ემა გოგოხია.