ხმაური იყო დიღმის მასივის პირველ კვარტალში - დაპირისპირება სეხნიაშვილების 8-სულიანი ოჯახის გამოსახლების მცდელობას მოჰყვა. ოჯახი, სადაც 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს, იპოთეკით დაზარალებულია.
დღეს მათი გასახლების მიზნით ადგილზე აღსრულების ბიურო მივიდა, თუმცა, ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ გამოსახლება დროებით გადაიდო.
სეხნიაშვილების ოჯახი ვარაუდობს, რომ მათ ბინას აუცილებლად დაატოვებინებენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
„ცოტა სახელმწიფომ მოგვაქციოს ყურადღება, ჩვენ მათხოვრები არ ვაართ, არც ქუჩაში გამოუსვლელები არ ვართ, თორემ 90 პროცენტი ვართ ადამიანებისა, ჩვენ გადავაგდებდით ამ მთავრობას, იმდენი ვართ დაზარალებულები იპოთეკით. მოგვცენ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები,“ - ამბობს დალი გოგიჩაიშვილი.
დიღმის მასივის პირველ კვარტალში იმყოფებოდა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, კახა კუკავა. იუსტიციის სამინისტრომ ბინა აუქციონზე გაყიდა, რასაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი აკრიტიკებს.
„ეს არის კლასიკური მევახშეობა, როცა მევალე არის 100-პროცენტიანი და კრედიტორი უნდა იჯდეს ციხეში და რატომ? საუბარია ბინაზე, რომელიც ღირს, დაახლოებით, 50 ათასი დოლარი. ჩვეულებრივი სამოთახიანი ბინა არის, რომელიც 17 ათას დოლარად გაყიდა წულუკიანის უწყებამ აუქციონზე. პირველი დანაშაული, არ შეიძლება, ქონება იყიდებოდეს ნულოვან აუქციონებზე. მეორე, ამის მიუხედავად, მოვალე ამბობს, რომ გაყიდის ამ ბინას და ეუბნება ამ მევახშეს, რომ გადაგიხდი იმ 17-საც, რაც გადაიხადე და პლუს, შენს მოგებას, 10 ათას დოლარს გიმატებ, ამის მიუხედავად, მევახშე ამბობს უარს,“ - განაცხადა კახა კუკავამ.