19 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
"ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია" - ლაშა დარსალია

"ტერიტორია, სადაც საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადია," - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, გააკეთა. 

ის ამბობს, რომ ბაქოში სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრაზე მათ მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია ამ სამუშაოებთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის სამუშაოები შეჩერებულია.

„ეს არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელზეც ამჟამად კონტროლს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერანაირი სამუშაოები ან რაიმე სტატუს კვოს ცვლილება არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ კიდევ ვაზუსტებ, რომ, თუ აზერბაიჯანული მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილე ადგილზე სამოქალაქო აქტივისტების და სამღვდელოების ჩასვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ემოციურმა განცხადებებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.

„მაქსიმალურად უნდა მიეცეს დელიმიტაციის კომისიებს საშუალება, სწორედ ემოციებისგან დაცლილ ფონზე წარმართონ მუშაობა, რადგან ეს მაღალი ემოციური ფონი მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ნორმალური გადაწყვეტილებების მიღებას,“ - განაცხადა დარსალიამ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს დღეს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სასულიერო პირებმა ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს, სადაც აზერბაიჯანული მხარე რამდენიმე დღეა, გზის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებს. 

საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სასულიერო პირები ამბობენ, რომ გზის გაყვანა თითქმის დასრულებულია.

ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები