19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
გირგვლიანის და ე.წ. კაბელების საქმეების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა - მესამე სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას არასამთავრობო სექტორის პროტესტი მოჰყვა.

იუსტიციის საბჭომ გუშინ 32 მოსამართლე სხვადასხვა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში დანიშნა, მათ შორის გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, ნაირა გიგიტაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მეორედ სცადოს. ამის შესახებ მან გუშინ დღის ბოლოს, რამდენიმე საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა, აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს მხოლოდ ერთადერთი პრინციპით, რომ ის ხალხი, ვინც კლანის წევრია და დაკავშირებული არიან კლანთან, დაინიშნონ უვადოდ და მათ მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ. ამ გადაწყვეტილებით უვადოდ დაინიშნენ ისეთი მოსამართლეები, ვის მიმართაც საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი კითხვა. თავად საბჭოს მდივანი გადაინიშნა უვადოდ, სანდრო გირგვლიანი დაინიშნა და ასევე, კაბელების საქმეც დაინიშნა. არანაირი პასუხი, არანაირი განმარტება საზოგადოებას არ აქვს,“ - განაცხადა გვილავამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გამო სასამართლო რომ ხელისუფლების სრული მორჩილი გახდება, ამაზე ამახვილებს ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე, კახა წიქარიშვილი. მისი თქმით, უმაღლესი საბჭო საზოგადოების აზრის სრულ იგნორირებას ახდენს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან მიზანმიმართულად ანგრევს მართლმსაჯულების იმიჯს და რეპუტაციას ან მას საერთოდ არ აინტერესებს, თუ რა გამოხმაურება მოჰყვება მის გადაწყვეტილებებს საზოგადოების მხრიდან. ორი-სამი წლის შემდეგ ჩვენ გვეყოლება უვადოდ დანიშნული სასამართლო, რომელიც იქნება ხელისუფლებისადმი მორჩილი და შეასრულებს ნებისმიერი ხელისუფლების შეკვეთას,“ - განაცხადა წიქარიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით შენიშვნები და შეკითხვები აქვთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს.

„ერთ-ერთ ადამიანთან დაკავშირებით პირადად მე მაქვს კითხვები, ეს არის ლელა ჭინჭარაული, რომელთან გასაუბრებასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, თვეების განმავლობაში არ ატარებდა და სულ სხვადასხვა მიზეზით გადადო ამ ადამიანთან გასაუბრება, ვინაიდან ამ ადამიანზე იყო დამოკიდებული ის ვადის ათვლა, რის შემდეგაც უკვე საბჭო ვალდებული იქნებოდა, რომ ჩაეტარებინა კენჭისყრა. მთელი ეს პროცესი, კენჭისყრა და კონკურსი თავისთავად უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევასაც,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.  

დღის ამბები