იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 32 მოსამართლის უვადოდ გამწესებას ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები საბჭოს მიერ რამდენიმე მოსამართლის უვადოდ გამწესებას კრიტიკულად აფასებენ.
ოპოზიციის წევრების თქმით, უვადოდ დაინიშნენ ისეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეები, როგორიც არის გირგვლიანის და ე.წ. კაბელების საქმეები.
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა მთლიანად კლანს ემორჩილება და მათი ნების მიხედვით ხდება მოსამართლეთა გამწესება.
„მთავარი უარყოფითი მოვლენა არის ის, რომ მოსამართლეთა ბედს და ზოგადად, სასამართლო სისტემის ბედს წყვეტს კლანი, ყველაფერი ეს მათ ხელშია, მათი სცენარით მიმდინარეობს პროცესები. დანიშნეს რამდენიმე კარგი, რამდენიმე ცუდი, რამდენიმე ძალიან ცუდი და რამდენიმე ძალიან კარგიც დატოვეს გარეთ. ფაქტობრივად, მათ მიერ დაგეგმილი სცენარით და მატი ნებით წარიმართება ეს პროცესი, რომელიც სასამართლო სისტემას არ მოუტანს არავითარ სიკეთეს,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ უვადოდ დაინიშნოს სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე, ნაირა გიგიტაშვილი, კრიტიკულად აფასებს თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე.
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სასამართლოში მოსამართლეთა გამწესებას ბიძინა ივანიშვილი კურირებს.
„ბიძინა ივანიშვილი გვიბედავს და საზოგადოებას ჰკადრებს სანდრო გირგვლიანის კიდევ ერთ მოსამართლეს, ნაირა გიგიტაშვილის უვადოდ ამწესებს მოსამართლედ და კაბელების საქმის მოსამართლე ბუგიანაშვილს, იმ მოსამართლეს, რომელმაც შეასრულა მისი პირადი დაკვეთა და უდანაშაულო ადამიანები 7 წლით გაუშვა ციხეში, უვადოდ გვინიშნავს მოსამართლედ,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.