19 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
"ოცნების" მაღალჩინოსანი, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გამდიდრდა - დიმიტრი დარბაისელის მილიონიანი ქონებით "კურიერი" დაინტერესდა

ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, რომელიც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გამდიდრდა - დიმიტრი დარბაისელის მილიონიანი ქონებით კურიერი დაინტერესდა.

დარბაისელის სახელს ვანო მერაბიშვილის ციხიდან ჩუმად გაყვანა, თავზე ტომარის ჩამოცმევა და ოთარ ფარცხალაძესთან კაბინეტში მიყვანა უკავშირდება.

სატელეფონო მუქარები კურიერის ჟურნალისტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი შეფის მოულოდნელი გამდიდრების ამბის გარკვევა სცადა. არადა, 10 წლის წინ ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ჩინოვნიკი იყო.

2009 წელს დარბაისელს არ ჰქონდა არც სახლი, არც კომერციული ფართი, არც ფასიანი ქაღალდები და მისი ოჯახის დანაზოგი 4 ათას ლარს არ სცდებოდა. დოკუმენტით დგინდება, რომ დიმიტრი დარბაისელს ან მისი ოჯახის წევრებს იმ დროისთვის არ ჰქონიათ არც ბიზნესი, საიდანაც დამატებით შემოსავალს მიიღებდა.

საჯარო რეესტრის 2019 წლის ამონაწერიდან კი ირკვევა, რომ ერთი თვის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ უბანში 1123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა და 8 წლის ქალიშვილზე გააფორმა.

დარბაისელმა ფული, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ლისზე ნაკვეთის შესაძენად იშოვა, ოცნების ხელისუფლებიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში, მისი არასრულწლოვანი შვილის სახელზე საჯარო რეესტრში კიდევ ერთი ჩანაწერი ჩნდება - 102 კვადრატული მეტრი ბინა ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში.

დარბაისელმა უძრავი ქონების ნაწილი ოჯახის სხვა წევრებზეც გააფორმა. მარიჯანის 2 ნომერში, ვაჟა ფშაველას გამზირსა და ქავთარაძის ქუჩებს შორის მშენებარე კომერციული ფართიდან 119 კვადრატული მეტრი დიმიტრი დარბაისელის მეუღლის - ნათია მეფარიშვილის, სახელზეა რეგისტრირებული, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

ჯავახიშვილის ქუჩაზე, შპს ქისას მეზობლად განთავსებული სასტუმროს პერსონალი იხსენებს, რომ კომპანია განსაკუთრებული სისწრაფით სწორედ შაბათის კურიერის გამოჩენის შემდეგ, 16 მაისს, დილით, დალუქეს.

დარბაისელის ცოლის კომპანიის ტელეფონზე კურიერის სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს. არსებობს კიდევ ერთი კომპანია, სადაც დიმიტრი დარბაისელი ფიგურირებს. შპს ტრიბა - თანამშრომლების ნაწილი დარბაისელთან კავშირს უარყოფს, ნაწილი კი ამბობს, რომ წლებია, ის კომპანიაში აღარ უნახავთ.

პოლიციის პოლკოვნიკი დარბაისელი ყოფილი ძალოვანი უკვე ორჯერ გახდა. პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2008 წელს წავიდა, მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო სამსახურში 2012 წელს, ოცნების ხელისუფლების მოსვლისთანავე, დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაწინაურებაში დიდი როლი გენინსპექციის ყოფილ უფროსმა, ზვიად ჯანყარაშვილმა, ითამაშა.

ოცნების ხელისუფლებასთან ერთად, მეორედ მოსვლის ყველაზე საბედისწერო ეტაპი დარბაისელის კარიერაში 2013 წლის ბოლოს, უფრო ზუსტად კი 29 ნოემბერს, მას შემდეგ დადგა, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩაიბარა. 6-თვიანი მოღვაწეობის ბოლოს მის ანგარიშზეა 2 მილიონიანი პრემია, რომელიც, მისივე ბრძანებით, უწყებაში ერთი თვის ვადაში გაიცა.

პრესა მაშინაც წერდა, რომ დიმიტრი დარბაისელის გადაწყვეტილებით გაცემული 2 მილიონიანი პრემია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების გასაჩუმებლად იყო განკუთვნილი. სიჩუმეს დღემდე ინარჩუნებს თავად დიმიტრი დარბაისელიც.

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე, დარწმუნებულია, რომ დარბაისელის სიჩუმე ძვირი ღირს. ამის დასტური კი, მისივე თქმით, ის უძრავი ქონებაა, რომელიც მან თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეიძინა ან იჩუქა.

მოიმატებს თუ არა დიმიტრი დარბაისელის სიჩუმის ფასი დროსთან ერთად, ამის გაკონტროლება ძნელი იქნება. პოლკოვნიკი საჯარო მოხელე აღარ არის და შესაბამისად, არც ვალდებულება აქვს, შეძენილი ქონების შესახებ მონაცემები დეკლარაციაში შეიტანოს.

 

 

 

ავტორი: მაკა ჩიხლაძე

დღის ამბები