სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს, სჯერა, რომ მისი მოკვლა იგეგმებოდა.
ამის შესახებ იოსებ გოგაშვილმა შაბათის კურიერთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამის თქმის საფუძველს სუს-ის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერი აძლევს, სადაც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.
გოგაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშილმა დაიჯერა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მისი შვილის მკვლელობის ბრძანება სოსო გოგაშვილმა გასცა.
„გასაჯაროვდა ეს ჩანაწერი, სადაც კონკრეტულად იძლევა დავალებას ეს ადამიანი, იძლევა კონკრეტულ დავალებას და ეუბნება თავის ძმისშვილს, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი - სასაფლაო, სადაც ჩვენ ესენი უნდა გავანადგუროთ. იქამდე მას ჰქონდა ღიად ნათქვამი, რომ შვილები და შვილიშვილები უნდა გავუნადგუროო. მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მიდიოდა ვახა ტერლოევთან, ამან გამოიღო შედეგი და იმ ადამიანმა დაიჯერა, რომ ეს ჩემი გაცემული ბრძანება იყო, რომ იქ ვიყავი მე და რომ მისი შვილის ლიკვიდაციის ბრძანება მე გავეცი და ვიმყოფებოდი უშუალოდ მის ოჯახში, ეს დაიჯერა,“ - განაცხადა გოგაშვილმა.
გოგაშვილის თქმით, მაჩალიკაშვილის განზრახვის შესახებ სუს-ის ბრიფინგიდან გაიგო, თუმცა, მანამდე მისი ოჯახის წევრების მიმართ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
„მე მხოლოდ ვიცოდი, გამაფრთხილეს, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა მე და ჩემი ოჯახის მიმართ და სასაფლაოზეც, რა თქმა უნდა, შეინიშნებოდა,“ - ამბობს გოგაშვილი.
გოგაშვილის დარწმუნებულია, რომ ვახა მაჩალიკაშვილი მისი ოჯახის ლიკვიდაციას გეგმავდა. მისივე თქმით, სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულება ერთადერთი არ არის და საქმეში სხვა მტკიცებულებებიც დევს, რომელიც გასაჯაროვდება.
„არა, თვითონ ამას ამბობს ვახაც, რომ ისინი იყვნენ ჩასულები ჩემს სოფელშიც და ადგენდნენ სასაფლაოს. გარდა მაგისა, უკვე რომ საჯარო გახდა, ეს ტელევიზიით და გასაჯაროვდა და რომ გაიგეს ჩემმა ახლობლებმა და ნახეს, მე ვთქვი, რომ ეს სოფელი არის შეკრული სოფელი, ყველა ყველას იცნობს და შემდეგ გაიხსენეს და აღიდგინეს ჩემმა სოფლელებმაც და მე რამდენიმე დღის წინ, როდესაც იქ ვიყავი, შემხვდნენ და მითხრეს, რომ იყო პიროვნება მოსული, რომელიც სასაფლაოს კითხულობდა, რომელიც უცხო იყო. ეს ყველაფერი დავაკავშირე ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ისინი იყვნენ ჩასულები, აქედან გამომდინარე, რადგან იყვნენ ჩასულები, აუცილებლად მტკიცებულებები იქნება ამის, დავუშვათ, გადაადგილება ანძებით,“ – ამბობს გოგაშვილი და აქვე ამატებს, რომ მტკიცებულებებს შორის შესაძლოა, იყოს ფარული კადრებიც.
გოგაშვილი ისევ იმეორებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი „პოტენციური ტერორისტია“, რადგან, მისი მტკიცებით, გოგაშვილების ოჯახის განადგურებას გეგმავდა.
„იყო მითქმა-მოთქმა, რომ არ არის ეს ტერორისტული აქტი და შურისძიება უნდოდაო და რა მნიშვნელობა აქვს, ტერორისტული აქტი უფრო მძიმეა და ჩვეულებრივი მკვლელობა არ არის მძიმე? ადამიანის სიცოცხლეს ეხება ხომ ეს ყველაფერი. მე ძალიან ფრთხილი მინდა, ვიყო სიტყვებში. მე ვთქვი, რომ ის არის პოტენციური ტერორისტი იმიტომ, რომ მან დაგეგმა დანაშაული,“ - ამბობს გოგაშვილი.
ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მაშინ, როდესაც სატელეფონო ფარული ჩანაწერის გარდა, არ ჩანს ტერორისტული აქტის განხორცილების სხვა არანაირი მტკიცებულება, მათ შორის, არც დანაშაულის იარაღი, გოგაშვილი კვლავ იმეორებს, რომ დამატებითი მტკიცებულებები გასაჯაროვდება. მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ცხადყოფს, რომ ეს არის ლიკვიდაციისთვის მზადების პერიოდი.
„ეს უკვე მომზადების პროცესის დასაწყისია. მე რომ მოვისმინე ჩანაწერი, რამდენჯერმე მოვისმინე, ანუ იქ ამათ არ ავალებს იმას, რომ ამათ უნდა შეასრულონ, დავუშვათ, განადგურების ოპერაცია, ამათ ეუბნებათ, რომ თქვენ მხოლოდ დამიდგინეთ ის ადგილი, სადაც არის დასაფლავებული მამამისი და სახელსაც ეუბნება და დანარჩენს მე მივხედავო, ეუბნება. შემდეგ მან განმარტება გააკეთა, რომ რა თქმა უნდა, მან უნდა იცოდეს იმ ადამიანის საფლავიც, შვილიც, შვილიშვილიც, ვინც თავის შვილი მოკლა... კვალიფიკაციას აძლევს პროკურატურა, ანუ განზრახვა არის,“ - განაცხადა გოგაშვილმა.
გოგაშვილისთვის ფარული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია - "ის იძახის, რომ უნდა ჩავსულიყავი და წერილი უნდა დამეტოვებინაო, მსგავსი სისულელე, არ ვიცი, როგორ შეიძლება თქვა".