„მე მინდა, ეს ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია,“ - ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილზე საუბრისას გააკეთა.
იოსებ გოგაშვილის განცხადებით, მისი მიზანია, რომ ვახა მაჩალიკაშვილმა გაანალიზოს, რომ მას პანკისის სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდის, თემირლანის მოკვლის ბრძანება არ გაუცია.
გოგაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის წინააღმდეგ განაწყეს.
„ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომ მოხდეს ამ ადამიანის დაჭერა, ამ გამწარებული, როგორც თვითონ ამბობს, შურისმაძიებელი ადამიანის დაჭერა. მე მინდა, რომ ეს ადამიანი, ის და თავის მეუღლე და ოჯახი, რამენაირად დავაბრუნო იმ წერტილამდე, როდესაც მას დაუწყეს ჩაწვეთება იმის, რომ გოგაშვილმა გააკეთა ეს და ის ადამიანი მიხვდეს, რომ მე იქ დამნაშავე არ ვყოფილვარ, მე არ ვყოფილვარ იქ და ბრძანება არ გამიცია. ის დეზინფორმაცია, რაც მას თავში ჩაუდეს და რაც მან დაიჯერა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ არ დაგეგმავდა მკვლელობას,“ - განაცხადა გოგაშვილმა.
იოსებ გოგაშვილი გეგმავს, რომ საგამოძიებო უწყებებს მისცემს ჩვენებას და დაუსახელებს იმ კონკრეტული პირების გვარებს, ვისზეც იცის, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახი შეცდომაში შეყავდათ.
გოგაშვილის თქმით, თემირლანის დედამ სპეცოპერაციაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბარი 19 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაიწყო.
„ამ ადამიანმა გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვა ის და ეს პერიოდი იყო ის პერიოდი, როდესაც მასზე მუშაობდნენ, მასზე მუშაობდნენ კონკრეტული ადამიანები, მოვა დრო და მე ამას ვიტყვი. ოღონდ ჯერ გამოძიებას მინდა მივცე ჩვენება იმ ადამიანებზე, ვისზეც მაქვს მე ინფორმაცია, რომ მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავდა მედიკოც და ვახაც. ამ ადამიანებზე მე აუცილებლად მივცემ ჩვენებას, არ არის ერთი ადამიანი ეს,“ - განაცხადა გოგაშვილმა.