19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"ნებისმიერი ქართველისთვის, ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი,“ - მამუკა ბახტაძე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სრულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან განცხადება 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმართება.

მამუკა ბახტაძემ დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად წვევამდელებს მიულოცა, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს. პრემიერის თქმით, ქართული ჯარი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძვირფასია.  

„მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - ყველაზე დიდ, ეროვნულ დღესასწაულს. ვულოცავ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვულოცავ ჩვენს ემიგრანტებს, ყველას, ვისთვისაც 26 მაისი არის ძვირფასი. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები, დარწმუნებული ვარ თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და  უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო მისიებში და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იცავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ნებისმიერ საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხის მიმართ, რომლებიც თავის სიცოცხლის ფასად იცავენ მის სახელს და ღირსებას, სწორედ ამიტომაც, ნებისმიერ ქართველისთვის, ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს 5 რეგიონში 463-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

დღის ამბები