19 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
საქართველოს მთელი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის - თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის წევრები მივიდნენ  

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ესწრებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. 

„გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას ისევ სჭირდება თავდადება რათა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და გავაერთიანოთ ქართული მრავალეროვანი სახელმწიფო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს დრო, როცა თანამედროვე დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო დაიმკვიდრებს ადგილს ევროპულ ოჯახში,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 

26 მაისი მიულოცა სრულიად საქართველოს ”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. 

„გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის სიმბოლო. საქართვლოს ისტორიის მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ძლიერი, როცა ერთად ვიყავით, ერთად ვიდექით და ერთიანი ძალისხმევით ვებრძოდით იმ მთავარ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ჩვენი ისტორიის  მანძილზე გვქონდა. მე ვფიქრობ, რომ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ, თუ ერთად ვიქნებით და იმ უკიდეგანო გაჭირვებასაც დავამარცხებთ თუ ერთად დავდგებით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თავისუფლების მოედანზე მივიდა "ევროპული საქართველოს" წევრი, დავით ბაქრაძე, როლემაც მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღის 101 წელი მიულოცა. 

„საქართველოს მთელი ისტორია, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვართ ბედნიერი თაობა, რომ გვიწევს ცხოვრება თავისუფალ საქართველოში. ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ამ თავისუფლების დასაცავად, რომ 26 მაისს, აღარასდროს აღარ მოჰყვეს 25 თებერვალი. ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ნამდვილად თავისუფალი, ერთიანი, წელში გამართული და ევროპული ქვეყანა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები