დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეთა ერთი ნაწილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნავს. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს მონასტრის ტერიტორიაზე ასვლის საშუალება არ მისცა.
მოქალაქეები, როლებმაც მონასტერში ასვლა მოახერხეს, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ გეგმა შეასრულა და გზა ჩიჩხიტურამდე უკვე გაყვანილია. 5-დღიანი მუშაობა გუშინ გვიან ღამით დაასრულეს.
როგორც ცნობილია, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა 12 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან ჩაკეტილი იყო. გზა 5 მაისს, აზერბაიჯაულმა მხარემ გახსნა, თუმცა 16 მაისის შემდეგ, ის ისევ ჩაკეტეს და ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიამდე მისვლას ვერავინ ახერხებდა.
მოქალაქეები, რომლებიც დღეს ჩიჩხიტურის მონასტერში იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ 28 მაისს, აზერბაიჯანული მხარისგან გარკვეულ პროვოკაციებს ელოდებიან.
„გახსნილია ჩიჩხიტურის ტაძარი. როგორც დღეს მთელი კომპლექსი იქნება გახსნილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ არის. ჩვენი მოლოდინი არის და გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორია ხვალაც იქნება გახსნილი, ზეგაც, მაზეგაც, ერთი კვირის შემდეგ და მუდმივად,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ.
მოქალაქეები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს დავით გარეჯში აღნიშნავენ, მოუწოდებენ ყველას, 26 მაისი დავით გარეჯში აღნიშნონ.