19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
26 მაისი დავით გარეჯში - ჩიჩხიტურის მონასტერთან საქართველოს ჰიმნი ისმოდა  

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა 26 მაისი ჩიჩხიტურში აღნიშნეს. მათ ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიაზე საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი შეასრულეს.

დღეს დილით მომლოცველებს საშუალება მიეცათ მისულიყვნენ მონასტრამდე, სადაც უნიკალური ქართული ფრესკებია დაცული და სადამდე მისვლაც, ბოლო 12 წლის განმავლობაში შეზღუდული იყო. ადგილზე დილიდან მივიდნენ მოქალაქეები, როგორც კახეთის რეგიონიდან, ასევე თბილისიდან. 

„დღეს, ერის წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც არის დავით გარეჯის ტერიტორიები და რომელსაც, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სამწუხაროდ, რაღაც არა რეალური და არამყარი არგუმენტებით ცდილობს, რომ მიითვისოს. დღეს, აქედან მთელ საქართველოს მოვუწოდებთ, რომ 28-ში გავერთიანდეთ და არ დავუშვათ მათი ფორმალური აქტივობა გარეჯის ტერიტორიაზე,“ - ამბობს ერთ-ერთი მომლოცველი.

იქ შეკრებილი მოქალაქეების ინფორმაციით, 28 მაისს, აზერბაიჯანის მოქალაქეები, თავისუფლების აღნიშვნასთან დაკავშირებით, ადგილზე დროშებით ასვლას აპირებენ.

„ჩვენ, თითოეული ქართველი ვალდებულები ვართ, ვიყოთ აქ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ესენი გვიწვევენ, პირდაპირ პროვოკაციაზე მოდიან. როგორც ვიცით, აზერბაიჯანს 28-ში აქვს თავისუფლების აღსანიშნავი დღე და აპირებენ, როგორც დღეს ჩვენ ამოვედით და დავაფიქსირეთ, იმათმაც გააკეთონ ანალოგიური... ვიქნებით გარეჯში სანამ არ დალაგდება სიტუაცია“ - ამბობს დავით გარეჯში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

„კურიერის“ გადამღებ ჯგუფს, ჩიჩხიტურის სამონასტრო კომპლექსში დილიდან არ უშვებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ადგილზე ერთ-ერთი მორჩილი მივიდა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, გადამღებ ჯგუფს მონასტერში ასვლის საშუალება მიეცა.

დღის ამბები