19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. „ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გუნდის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.

ეკა ბესელიას გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან. ბესელია თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება. 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტია 2020 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

„მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლება, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის... პარტია დაფუძნდება 20 ივნისს, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი თანამოაზრე,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების საფუძვლად ქვეყანაში არსებულ უსამართლო მდგომარეობას ასახელებს. 

„ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარების გამო, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუვლია და რომლის დადებითად დაძლევის და გადაწყვეტის არერთგზის ისტორიული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ძალა სამართლიანობისთვის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სამართლიანობის იდეა იყო ის ბარიერი, რის გამოც „ქართულ ოცნებასთან“ მათი გზები გაიყო. აქედან გამომდინარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ სამართლიანობა არის იდეა, რომლის ირგვლივაც მისი გუნდი ერთიანდება.

„ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, მე არ დავუკარგავ ამ საავტორო უფლებას პროფესორ მინდია უგრეხელიძეს, ეს არის ცნობილი ტრიადა, რომლითაც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო. ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცთომლად, ისე როგორც ის არის, შეფასება და ამ მოცემულობას იღებ, როგორც არის, სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება და სამართლიანობა, როგორც მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. ეს არის სწორედ ის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა, იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი საგარეო კურსი ქვეყნის არჩეული, მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყო შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად და ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ეროვნულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და მის დაცვას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები