19 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
გოგაშვილმა უხუცესებს დაულაგა მოკლული სპეცრაზმელის ფოტოები, რითიც არწმუნებდა, რომ პანკისში სპეცოპერაცია გამართლებული იყო - მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მან „შაბათის კურიერში“ გააკეთა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გოგაშვილთან მას კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია, რადგან ყოფილი მაღალჩინოსანი და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დამგეგმავი ხეობაში ჩასვლას ვერ ბედავდა.

მაჩალიკაშვილი იხსენებს, როგორც ცდილობდა სოსო გოგაშვილი ხეობის უხუცესები დაერწმუნებინა, რომ სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა სამართლიანად იყო ჩატარებული.

„რაც შეეხება გოგაშვილს, არ ყოფილა არანაირი შეხმიანება, არანაირი კომუნიკაცია ჩემთან არ ჰქონია, კი მართალია მისმა მეუღლემ რაღაც ჩაწერა, წერონ და იყვნენ რამდენიც უნდათ. გოგაშვილი არის დამფრთხალი. მკვლელობის მეორე დღეს სოსო გოგაშვილი მოდის თელავში, იმის კაცობა არ აქვს იმას, რომ ხეობაში ამოვიდეს, ჩაჰყავს მთელი უხუცესთა საბჭო თელავში და მთელ თითოეულ საბჭოს წევრის წინ ალაგებს სურათებს მოკლული სპეცრაზმელისა დ ამის შვილების და ეუბნება „ თქვენ იცით ვინ არის ეს ადამიანი?“ აქედან გამომდინარე ყველამ დასკვნები გამოიტანოს რა მიანიშნებს. არწმუნებდა საბჭოს ყველა წევრს, რომ ეს სპეცოპერაცია იყო გამართლებული და იყო სწორად ჩატარებული. დღეს გოგაშვილი ამაზე არ საუბრობს, დღეს გოგაშვილი თავის ტყავისა და ნაშიერების გადარჩენას ცდილობს,“-ამბობს მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატისთვის, მარიამ კუბლაშვილისთვის კი გაუგებარია, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ამ დრომდე სოსო გოგაშვილი.

გოგაშვილმა „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული არ არის.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები