19 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს - მმართველი გუნდი ეკა ბესელიას პარტიის შექმნას ეხმაურება 

ეკა ბესელიას ახალ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიდი პოლიტიკურ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ განცხადება, ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" რჩება მისი იდეალების ერთგული და ის 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.

„იდეალი გამოწვევისაგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მარადიული და იდეალებისთვის ბრძოლა და მსახურება არის მარადიული პროცესი. ამიტომ ვინც მიიჩნევს, რომ ერთი არჩევნებით ან თუნდაც ორი არჩევნებით იდეალები მიღწეული იქნება და ისინი გაქარწყლდება და მისთვის შრომა და ბრძოლა საჭირო აღარ იქნება, ეს სულ მცირე დილეტანტიზმი იქნება. ჩვენ მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს. ასე, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ აჩვენოს გამარჯვება და გააგრძელოს იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რაც როგორც თავში გითხარით მარადიულია,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"სამართლიანობისთვის" - ასეთია ეკა ბესელიას მიერ დაფუძნებული ახალი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება. ეკა ბესელია ახალი პარტიის რიგებში ელოდება ყველას, ვისთან ერთადაც 2012 წელს "ქართული ოცნება" იდგა და ვის იდეალებსაც მმართველმა გუნდმა უღალატა.

ეკა ბესელიას განცხადებით ის, რომ მმართველი გუნდი მის პარტიას კონკურენტად აღიქვამს კარგია.

„ვინც აღიქვამს ჩვენს პოლიტიკურ ძალას როგორც კონკურენტს, არაუშავს, აღიქვას. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ის მაშინ რაღაც სამართლიანობის იდეასთან თანხვედრაში ვერ არის. და ასეთი ადამიანები თუ ხედავენ აქ პრობლემას, ეს მათი პრობლემა იქნება, იმიტომ, რომ იდეა რომლისთვისაც ჩვენ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა გადავწყვიტეთ, ეს არის გამაერთიანებელი იდეა. იმიტომ რომ სამართლიანობის გარეშე სახელმწიფო ვერც შენდება, ვერც ვითარდება,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები