19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ივნისს გამოაცხადებს

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. მოსამართლებმა სხდომის დაწყების შემდეგ, განაჩენის მისაღებად დამატებითი დრო ითხოვეს და ამის გამო, სასამართლო სხდომა, მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელი არ არის გამოკვეთილი. საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება კი ორივე, ბრალდების და დაცვის მხარისთვისაც, სადავო იყო.

ადვოკატების თქმით, არასრულწლოვნებმა ისაუბრეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლო არ შეცვლის, ანუ დავით სარალიძის მკვლელობაში ორივე დაკავებული არასრულწლოვანი გამართლებული იქნება.

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმის მამტკიცებლად, რომ სწორედ ეს ორი არასრულწლოვანია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე. მისი თქმით, სახელწმიფო ბრალდება მხოლოდ მიხეილ კალანდიას ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც ის რამდენჯერმე შეცვალა. 

„ადამიანმა ჩვენება შეცვალა, დაახლოებით, 10-ჯერ. დაახლოებით ათჯერ ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორ შეიძლება ჩვენ მივიჩნიოთ და ნორმალურმა, დემოკრატიულმა სასამართლომ მიიჩნიოს ასეთი მოწმის ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად, მაშინ როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგეს. მე მიმაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მტკიცებულებათა გამოკვლევით ძალიან კარგად, ნათლად დადასტურდა ერთი რამ - დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები არიან თავისუფლებაში და არის სერიოზული მცდელობა იმისა, რომ სხვის მიერ ჩადენილი უმძიმესი მკვლელობა გადააბრალონ არასრულწლოვნებს. იმ შემთხვევაში თუ სასამარათლო იქნება პრინციპული, არ მოექცევა პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ, მე მაქვს მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და უარს იტყვის ბრალდების მხარის აბსურდულ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორი, თორნიკე ნადირაძე კი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო მათ პოზიციას სრულად გაიზიარებს და დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში სასამართლო ბრალს დასდებს ორ არასრულწლოვანს.

„სასამართლო მსვლელობებისას ბრალდების მხარემ წარადგინა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებდა ბრალდებულების ბრალეულობას. ამის საპირწონედ დაცვის მხარემ მთელი პროცესების განმავლობაში დაკავებული იყო იმით, რომ ეკრიტიკებინა ბრალდების მხარე და მხოლოდ და მხოლოდ ჰიპოთეზებზე და ვარაუდებზე დაეფუძნებინა მათი მსჯელობა, მაშინ, როცა ბრალდების მხარეს მტკიცებულებები უმაგრებდა ზურგს. მ.კ-ს ჩვენება ამ შემთხვევაში თანხვედრაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან და ბრალდებულების პოზიცია და მისი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიცია ცალსახად აცდენილია ამ რეალობას,“ - განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ყველაფერი ნათელია, ადვოკატების დასკვნით სიტყვაშიც დეტალურად გაეცა პროკურატურის ყველა უსუსურ ბრალდებას პასუხი და მხოლოდ ერთი რამ არის დარჩენილი, ეს არის სასამართლოს ობიექტურობა და მიუკერძოებულობა. ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ძალაში დარჩეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

დღის ამბები