ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩართულობით პარტიის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე პარტნიორ პარტიებთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გზებსაც შეეხო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მოქალაქეებთან ურთიერთობის, აქტიურობის, ახალი ადამიანების ჩართულობის, ახალი იდეების წახალისების და ოპოზიციური პარტიების გაფართოების აუცილებლობის საკითხებს.
ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ელექტრონული წესით ბესიკ ბრეგაძე აირჩიეს. ასევე, დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
„მიხარია, რომ უაღრესად გამოცდილი, უაღრესად პატიოსანი ადამიანები შევიდნენ პოლიტსაბჭოში, რომლებიც ამ ჩვენ ერთ-ერთ თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში იმუშავებენ ისე, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად დავამხოთ ოლიგარქატი საქართველოში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.