იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არაეთიკური ეპითეტები და შეურაცხმყოფელი ფრაზები 2 საათის განმავლობაში ისმოდა. საპარლამენტო უმცირესობა მმართველი გუნდის დარწმუნებას იმაში ცდილობდა, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი უკან უნდა გამოიწვიოს. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ და წარსულიც შეახსენეს.
პოლიტიკური წარსულის გარდა, ოპონენტებმა ერთმანეთს პოლიტიკური აწმყოც დაუწუნეს. მათ შორის, ერთ დროს თანაგუნდელებმაც. განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირება დღეს იურიდიული კომიტეტის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს შორის მოხდა.
2 საათიანი ხმაურიანი სხდომა საკითხის ჩაგდებით დასრულდა. ოპოზიცია უშედეგოდ ამტკიცებდა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი დაკისრებულ მოვალეობებს ჯეროვნად ასრულებენ და სასამართლოს საზიანო გადაწყვეტილებებში ე.წ. კლანის თანამზრახველები არიან.
საპარლამენტო უმცირესობამ იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც ამ წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციან სკანდალურ სიას მხარი უაპელაციოდ დაუჭირეს.