19 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომლებზე ხუთი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დანამატი გაიცა

თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომლებზე ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დანამატი გაიცა - ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ავრცელებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა და გაირკვა, რომ  იანვრიდან მაისამდე პერიოდის მონაცემების მიხედვით, საქალაქო სამსახურების თანამშრომლებს ჯამში 700 ათასი ლარის დანამატი ჩაერიცხათ. აქედან 244 ათასი ლარი შტატგარეშე თანამშრომლებმა მიიღეს.

95 ათასი ლარის ჯილდო მიიღეს სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა​. ოპოზიცია ითხოვს, პასუხისმგებელმა პირებმა დაასაბუთონ, რა დამსახურებისთვის გაიცა ეს თანხა.

საკითხს "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს სხდომაზე დააყენებს. 

„700 ათასი ლარის დანამატი მხოლოდ საქალაქო სამსახურებზე გასცეს. მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე, ისეთ მოსამსახურეებზე, ნახევარზე მეტმა რომ არ იცის, სად და რატომ მუშაობენ. ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალურ სამსახურში გაცემული 85 ათასი ლარის ჯილდო. ეს სამსახური ხომ იმითაა ცნობილი, რომ მერიის თანამშრომლებს დანა-ჩანგლის ხმარებას ასწავლის, ახლა თურმე ჯილდოებსაც იღებენ. რატომ იღებენ ჯილდოებს რა თქმა უნდა არავინ არ იცის. ამ საკითხს როგორც საკრებულოს სხდომაზე, ასევე სარევიზიო კომისიის სხდომაზე დავაყენებ,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები