მასშტაბური საკადრო ცვლილებები თელავის მერიაში - მერის სამმა მოადგილემ და ოთხი სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, მერიაში სამსახურები კლანურ დაპირისპირებას შეეწირა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალ მოადგილედ თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა საკუთარი ქვისლი დანიშნა.
„ეს არის სუს-ის და იმ კლანების პოზიციების გადანაწილების ბრძოლა, რომელიც მოქმედებს თელავშიც და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. პლუს ამას დაემატა ის, რომ ამ ყველა ცვლილების შემდეგ, ერთი მოადგილე გახდა უცებ არსებული მერის, შოთა ნარეკლიშვილის ქვისლი. ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამის გამო, რომ მათ გაისქელონ ჯიბეები და ამ ყველაფერს კარგად ახერხებენ,“-აცხადებს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი.
შორეულ ნათესაობას ადასტურებს ნარეკლიშვილი, თუმცა აცხადებს, რომ ეს ხელშემშლელი პირობა არ არის. რაც შეეხება სხვა გათავისუფლებულებს, მისი თქმით, მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე სხვადასხვა მიზეზით დატოვეს.
„ჩემმა მოადგილემ გიორგი თუშიშვილმა გადაინაცვლა კერძო სექტორში და ეს მისი სურვილი იყო, რომ დაეტოვებინა თანამდებობა. ასევე დანარჩენი სამსახურის ხელმძღვანელებიც, მათი პირადი სურვილით მოხდა წასვლა სამსახურიდან. ნამდვილად არც ერთი კადრი, ვერავინ ვერ დამისახელებს, რომ რაიმე ნათესაური ნიშნით არის შერჩეული. მე ყველა კადრს ვარჩევ პროფესიონალიზმით და მათი გამოცდილების მიხედვით,“-აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.