"მზად ვარ ვიყო შუამავალი "- მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკითხს ვიდეო მიმართვით ეხმიანება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველანაირი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ის მზად არის გამოიყენოს საკუთარი კავშირები და დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას ვერ შეძლებს. მესამე პრეზიდენტი ფუნდამენტური მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც ორივე მხარის ინტერესები და პირველ რიგში ხალხებს შორის ურთიერთობა იქნება გადამწყვეტი.
„მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მე მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი.
იმიტომ რომ ესენი არაფრის გადამწყვეტი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.