„აქ საქმე გვაქვს ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს ეს საკითხი," - ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკითხი მოლაპარაკებების რეჟიმში გადაწყდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე გარეჯის თემაზე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, აუცილებელია, რომ ოფიციალური ფორმატს დაელოდოს ყველა და შემდეგ იმსჯელონ სხვა ზომებეზე.
"ამიტომ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ჩვენ დაველოდოთ ოფიციალურ ფორმატს, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიმსჯელოთ სხვა ზომებზე,“ - ამბობს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტუაციის გამწვავებაში საქართველოს პრეზიდენტის როლზეც გააკეთა კომენტარი. საუბარია ბრალდებებზე, რომ აზერბაიჯანთან შექმნილ პრობლემას პროვოცირება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და დავით გარეჯში ვიზიტმა გაუწია.
„პრეზიდენტმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. ეს სირთულე არის, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას, რაც არის გამოწვევა ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციის და დელიმიტაციის კუთხითაც. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის, არის მოლაპარაკება,“ -ამბობს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ იქნება შუამავალი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში.
„მას ჰქონდა 9 წელი ამისათვის, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი ძალიან კარგად ხედავთ,“-თქვა კობახიძემ.