მასშტაბურ აქციას ჩიჩხიტურის კოშკთან ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ჩიჩხიტურის მაღლობზე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა. გზადაგზა კი მათ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ხვდებოდნენ, რასაც შელაპარაკება რამდენჯერმე მოჰყვა.
ჩიჩხიტურის კოშკისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთად იმყოფებოდნენ.
„თუ სადაო ტერიტორიაა, ამას რა უნდა, ამ ფორმიანს აქ. ჩვენ რატომ გვაჩხუბებთ მოქალაქეებს. მოქალაქეებს საერთოდ არ უნდა გვაჩხუბებდეს პოლიტიკა,“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, დღევანდელი მსვლელობით სურთ დაანახონ ყველას, რომ ქართველები დავით გარეჯს დაიცავენ.
ისინი ამბობენ, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებით საფრთხე რეალურია. სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსთან აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღის აქციით აღნიშვნას, სწორედ დავით გარეჯის ტერიტორიაზე აპირებდნენ. თუმცა დღეს დღის განმავლობაში ისინი დავით გარეჯში არ გამოჩენილან.
დღეს საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური მსვლელობა აღდგომის ტაძრიდან დაიწყო. სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.