უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მისი დაბრუნება არ ნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებაზე უარს იტყვის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პირიქით, ის ახლა უფრო ახლოს იქნება ქართველ ხალხთან.
„უკრაინაში ჩვენი პროგრესის მტრები და ჩემი მტრები დამარცხდნენ ამ ეტაპზე და ზუსტად ასე დამარცხდებიან საქართველოში. ამაში ვარ დარწმუნებული. მე ერთი წამით არ დამიკარგავს რწმენა ჩვენი გამარჯვების და ჩვენი საქმის გამარჯვების უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საზრუნავი, მე ვარ მთავარი ჭირისუფალი საქართველოსი და საქართველოს წარმატების მთავარი გულშემატკივარი. ქართველ ერს, ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან ქოცები, რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს. მე საქართველოსთან ბევრად ახლოს ვიქნები, ბევრად ახლოს ქართველ ხალხთან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა ახალმა პრეზიდენტმა აღუდგინა.
ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.