სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს - სალომე ზურაბიშვილის ეს კომენტარი და მესაზღვრეებთან ერთად გადაღებული ფოტოები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 20 აპრილს გაავრცელა. ამ განცხადებიდან ოთხ დღეში აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს და ნიჩბებით კლდეში ნაკვეთი ტაძრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის გაყვანა დაიწყეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თავად აღიარა, რომ გარეჯში სიტუაცია მისი განცხადების შემდეგ გართულდა.
სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებების შერბილება ირაკლი კობახიძემ სცადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებებით და ოფიციალურ ფორმატში უნდა დალაგდეს.
უკვე ერთი თვეა, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან პრობლემის მოგვარებას ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.
დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები პარლამენტში დებატების თემა გახდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში ბიძინა ივანიშვილის მისვლა მოითხოვა. ოპოზიცია აზერბაიჯანთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის გარემოცვის ინტერესების დადგენას ითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა პარლამენტში პრემიერი და საგრეო საქმეთა მინიტრი დაიბარეს. დამოუკიდებელ დეპუტატებს აინტერესებთ, რა ტიპის მოლაპარაკებები მიდის აზერბაიჯანულ მხარესთან და რას სთავაზობს ოფიციალური თბილისი ბაქოს.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციაზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა თბილისსში უნდა გაიმართოს.