"ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული პრეცედენტი," - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მას მოქალაქეობა აღუდგინა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ხვალ ჩავა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზელენსკიმ მიღებული გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღადგინა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, პოროშენკოს ხელისუფლების გენერალურმა პროკურორმა აღიარა, თუ როგორ აყალბებდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს. მისივე თქმით, სწორედ ასევე მოხდება საქართველოშიც.
„მოსალოცია იმიტომ, რომ რეალურად მოხდა სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა იმ გაგებით, რომ უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ აღძრეს ზუსტად ისეთივე სისხლის სამართლის საქმე, ზუსტად ისეთივე ოლიგარქებმა, როგორიც აღძრეს საქართველოში - თითიდან გამოწოვილი, მოგონილი, ძალიან თავხედურად გაყალბებული. მთავარმა პროკურორმა მოხსნა პირი და მოყვა, როგორ ავალებდა პოროშენკო ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას. ზუსტად ასევე, როგორც კი ივანიშვილი კიდევ უფრო შეირყევა, მოხსნიან პირს ფარცხალაძეები, კბილაშვილები, წულუკიანები და აუცილებლად მოყვებიან, როგორ ხდებოდა მტკიცებულებების გაყალბება, ყალბი ჩვენებების მიღება, როგორ ხდებოდა პოლიტიკური დევნა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომელსაც უკრაინაში დაბრუნების შემდეგ განახორციელებს.
მისი თქმით, ის გაუზიარებს გამოცდილებას და დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას მის იდეებს.
მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა სიმპატიები იმ რეფორმების მიმართ, რაც მან თავის დროზე გაატარა და ასევე იმ პროექტების მიმართ, რაზეც ბოლო პერიოდია, საუბრობს. მათ შორის არის ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ცდილობდა, რომ ის უკრაინაში არ შეეშვათ, თუმცა, მას გეგმები ჩაეშალა.
„ივანიშვილისთვის ეს შავი დღეა ნამდვილად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.