19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
"2012 წელს გვქონდა მომზადების პროცესში ხელშეკრულება, რომლითაც ხდებოდა ამ საკითხის მოგვარება" - სააკაშვილი დავით გარეჯზე

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც დელიმიტაციის პროცესს უკავშირდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს აზერბაიჯანთან არანაირი დაბრკოლება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ წინ ხელისუფლების დროს აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხი არ გაირკვა.

სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წელს უკვე არსებობდა ხელშეკრულების მონახაზი, რითაც ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება იგეგმებოდა.  

„გვქონდა მომზადების პროცესში ხელშეკრულება, რომლითაც ხდებოდა ურთიერთინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, სადღაც ტერიტორიების გაცვლით, სადღაც სხვა რაღაც ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის, ამ საკითხის მოგვარება,“ - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამწვავდა პრობლემები აზერბაიჯანთან.

„ივანიშვილი საკუთარი ფულისთვის ყიდის საქართველოს და თითოეული მოქალაქის ინტერესებს. როცა გყავს ჩვეულებრივი მეჯღანუაშვილი, ჩვეულებრივი ქორვაჭარი საქართველოს დირექტორად, რომელიც ფეხებს იწმენდს საკუთარ ხალხზე, თქვენ რა გინდათ, რომ აზერბაიჯანმა გვცეს პატივი, თურქეთმა გვცეს პატივი?“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრესტიჟი საერთაშორისო დონეზე ეცემა. ენმ-ის ლიდერი სალომე ზურაბიშვილის განმარტებასაც აკრიტიკებს, რომელმაც აღნიშნა, რომ გარეჯის საკითხი მისი განცხადებების შემდეგ დაიძრა.

სააკაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების მოგვარებაში ჩაერთოს.

„თუ ისინი არ იქნებიან იმის წინააღმდეგი, რომ ეს გავაკეთო, მე მზად ვარ, ჩავიდე ბაქოში და გამოვიყენო ყველა ჩემი კავშირი და ავტორიტეტი. აზერბაიჯანში რომ ავტორიტეტი მაქვს, ყველა ქართველს, ვინც ყოფილა აზერბაიჯანში, ყველამ ზედმიწევნით იცის... აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მე მაქვს უკიდურესად თბილი, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები