"დავით გარეჯისთვის დავა ახლა არ დაწყებულა და ეს წლებია, გრძელდება" - ამის შესახებ განცხადება ნინო კალანდაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საზღვრების მოგვარება რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ცხადია. მისივე თქმით, ვინც არ უნდა შეეცადოს, რაიმე სხვა დაამტკიცოს, ცალსახაა, რომ დავით გარეჯი საქართველოა.
„ის, რომ ჩვენ ის საბჭოთა მემკვიდრეობა გვერგო, რომელიც დღეს დეფაქტო მდგომარეობაა, ეს განაპირობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდმა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მოცემულობა შეიქმნა, რომელიც არის. თუმცა, არსებობს მთელი რიგი სადაო საკითხები. რატომ დღეს, როცა დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია უვე 23 წელია, კონსესუსამდე ვერ მიდის და ორი სახელმწიფო ერთმანეთის ვერ თანხმდება, სად უნდა გაიაროს საზღვარმა. აქ არის, როგორც ტექნიკური, ასევე პოლიტიკური ქვეტექსტები, რომელიც უკავშირდება ჯერ კიდევ 1929 წლამდე მდგომარეობას. როდესაც ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ სერგო ორჯონიკიძის დროს მოხდა საზღვრის არა ჩიჩხიტურის ქვეშ გავლება, არამედ ქედზე გაიარა და ხელოვნურად ამ კომპლექსის 2% აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც არის აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორია. ის, რომ გარეჯი ქართული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლია, საერთოდ არ ექვემდებარება დავას,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კონფლიქტთან. მისივე შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული.
„ეს კონფლიქტი არის ხელოვნურად ინსპირირებული და ხელოვნურად გაღვივებული იმიტომ, რომ მესამე ძალის ინტერესშია სამოქალაქო დაპირისპირების ფორმა მისცეს ამას, თითქოს, მართლა ის ე.წ. ტროლები, მთელი მანქანაა ჩართული აზერბაიჯანის მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქ კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების მცდელობას აქვს ადგილი,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.