19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"სალომე ზურაბიშვილის მოქმედებაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება" - აკაკი ბობოხიძე

„სალომე ზურაბიშვილის მოქმედებაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება, ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრმა, აკაკი ბობოხიძემ, გააკეთა.

ბობოხიძე არჩევანის ეთერში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.

ბობოხიძის თქმით, სრული პასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტს და მმართველ გუნდს ეკისრება.

„მაინტერესებს, ვინ მისცა ამ პროცესს ბიძგი, სალომე ზურაბიშვილის არაპასუხისმგებლიანმა განცხადებამ, ან პირიქით, კიდევ უფრო უარესი - შეგნებულმა პროვოკატორობამ? სალომე ზურაბიშვილმა როცა იცის, რომ პრობლემა არსებობს, მას შეეძლო, ამ პრობლემაზე მთავრობასთან ელაპარაკა, მას შეეძლო, მთავრობისთვის დავალება მიეცა, ან ვერ აძლევს დავალებას დღევანდელი პრეზიდენტი? მთავრობისთვის დაესვა საკითხი, რომ მათ დაეწყოთ აქტიური მუშაობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ეს არ არის ის თემა, რომელიც მიტინგების ფონზე მოხერხებადი იქნება მოლაპარაკებისთვის. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებაზე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება, ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკების გარეშე არაფერი არ გამოვა და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომლაპარაკებელი მხარის პრობლემებიც,“ - ამბობს ბობოხიძე.

მისივე თქმით, აქციების ფონზე მოლაპარაკებები არ წარიმართება.

„კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროშების ფრიალის ფონზე შეუძლებელი იქნება აზერბაიჯანული მხარისთვის აქ დათმობის გაკეთება,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძე განმარტავს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია სადაო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა.

„ჩიჩხიტური და უდაბნოს კომლექსი არის ე.წ. სადაო ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვთვლით რაღაც რუკებზე დაყრდნობით, რომ ის ეკუთვნოდა საბჭოთა საქართველოს და აქედან გამომდინარე ვაცხადებთ ჩვენ პრეტენზიას. ასევე, აზერბაიჯანი თვლის, რომ ის ეკუთვნოდა საბჭოთა აზერბაიჯანს და აქედან გამომდინარე აცხადებს მასზე პრეტენზიას. ამიტომ, მე მინდა, ყველა ქართველმა იცოდეს, რომ იმ ლავრაზე, რომელშიც ჩვენ ბავშვობიდან ექსკურსიებზე დავდიოდით და ჩვენს ტვინში დავით გარეჯად ასოცირდება, არ არის ამ ლავრაზე ლაპარაკი. თუმცა ის, რომ სხვაგან არის და სხვა ლავრაზე, ეს პრობლემას არ ამცირებს,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

დღის ამბები