"უკრაინისთვის მისი ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში არ იქნება სწორი და იქნება დამაზიანებელი," - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გააკეთა. „ქართული ოცნების“ წევრი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილს მატყუარა უწოდა.
„რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, რომ ალტრუისტია, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად დაუპირისპირდა დასავლეთის ინტერესებს, როცა საქართველოს პრეზიდენტი იყო, მათ შორის 2008 წლის ომის წინა პერიოდში ყველანაირად იგნორირება მოახდინა ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების და მე ვფიქრობ, ამასთან, არის ადამიანი, რომელიც ყველა ნაბიჯზე იტყუება ყველა საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის მისი ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში არ იქნება სწორი და იქნება დამაზიანებელი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება. ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.