რამდენიმე საათში ვარშავა-კიევის რეისით მიხეილ სააკაშვილი, თითქმის, ორწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში ბრუნდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები და თანამოაზრეები ელოდებიან. ვარშავის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხანში მივა.
ის პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის კონსულმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის საზღვარს ოდესის ყოფილი გუბერნატორი უპრობლემოდ გადაკვეთს.
გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციამ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.
გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ კი უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა.