სალომე ზურაბიშვილი განცხადებები ბაქოში, რასაც გარეჯში დაძაბულობა მოჰყვა, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტმა საკითხი მთავრობასთან არ შეათანხმა და მოლაპარაკებები თვითნებურად აწარმოა. ეს ქმედება კი კონსტიტუციის იმ ნორმას არღვევს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.
„საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობს ამ საკითხზე დიდი ხანია და რა საკვირველია ვიზიტის დროს საკითხები განსახილველი აზერბაიჯანში თემები შეთანხმებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკისგან განსხვავებით, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება განცხადებები მთავრობასთან შეათანხმოს.
„გარკვეული დეტალიზაცია, გარკვეული პოპულისტობა პოლიტიკური განცხადებები რომელიც არ ჯდება არაფერში და თავის მხრივ ანტისახელმწიფოებრივ ელფერს იძენენ ხოლმე ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ურთიერთობისათვის უკიდურესად დამაზიანებელი და სჭირდება ყველა ამ დეტალს ძალიან გაფრთხილება. ეს მოდით ვკითხოთ მთავრობის წარმომადგენლებს. საკითხი, რომელიც შეეხება განცხადების გაკეთებას არ უნდა შეთანხმდეს, საკითხი რომელიც შეეხება წარმომადგენლობას მოლაპარაკებებს და ა.შ. აქ გვჭირდება ხოლმე საერთო პოზიცია,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის უფლებამოსილებას კონსტიტუციის 52-ე მუხლი განსაზღვრავს, სადაც წერია რომ საქარველოს პირველი პირი მთავრობასთან თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სწორედ ამ ნორმის დარღვევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან.