გაუფასურების რეკორდი ლარმა უკვე ბლუმბერგის ტერმინალებზეც მოხსნა. ეროვნული ვალუტა არსებობის 24 წლიან ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს და ყველა პარამეტრით, ანტირეკორდს ხსნის.
ყველაზე დაბალი კურსი ლარის არსებობის მანძილზე აქამდე 2 ლარი 82 თეთრი იყო, დღეს კი კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 83 თეთრი ღირს.
გაუფასურებულ ლართან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაკეთდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკაში, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესებულია და კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება შიდა ფაქტორებს არ უკავშირდება. აქვე, გვენეტაძის თქმით, ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.
„ფუნდამენტური ფაქტორები არის გაუმჯობესებული... რადგანაც გაცვლითი კურსი და მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანმთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება ხოლმე. საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის იყო საკმაოდ ხანგრძლივ განმავლობაში არა ადექვატური, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა მინიმალურ ადექვატურ დონეს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.