„მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას," - ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში გააკეთა.
სააკაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი უკრაინის განვითარება და უკრაინელი ხალხია.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ხალხს მიმართა, მისცენ შანსი მათთან ერთად განახორციელოს რეფორმები. სააკაშვილის თქმით, ის გეგმავს, დაეხმაროს ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა.
"მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის უკრაინაში, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. ახლა კი მინდა თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის. მომეცით შანსი, რომ მიმოვიხედო გარშემო და შემდეგ უფრო ვრცლად შევძლებ თქვენთან დალაპარაკებას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო უკრაინის ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომ აქ მოხდეს უკრაინის ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოვიდეს ბევრი ახალი ადამიანი. მე არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია დანიშვნასთან დაკავშირებით." - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის მმართველობა ბევრ ადამიანს გააოცებს.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა ჩემს გამოხმაურებას მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ის არ ფიქრობდა, არ მსჯელობდა დიდი ხნის განმავლობაში მან პირდაპირ თქვა, რომ მე უნდა დამბრუნებოდა მოქალაქეობა, მან თქვა და გააკეთა, მან სიტყვა სწრაფად შეასრულა. ზელენსკიმ ერთხელ თქვა და გააკეთა. ეს არის განსხვავება მასსა და უკრაინის ყოფილ მმართველებს შორის. ზელენსკი არის დამოუკიდებელი მოთამაშე. ის გააოცებს ბევრს და სასიამოვნო მოულოდნელობა მისი მმართველობა ბევრი ადამიანისთვის," - განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბორისპოლის აეროპორტში პოლიტიკური ლიდერები, რადას ყოფილი დეპუტატები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ.