ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო, არ არის გამორიცხული პარლამენტში ეკონომიკური გუნდი კიდევ ერთხელ დაიბარონ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში ვიზიტის დროს გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს კითხვები, რაზეც მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან პასუხებია საჭირო.
“პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესდება ამ საკითხით, გვექნება კომუნიკაცია ყველა შესაბამის უწყებასთან მათ შორის ეროვნულ ბანკთან, მათ შორის შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ლარის კურსმა შეინარჩუნოს სიმყარე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და გაუაზრებელ რისკებს უკავშირებენ. რასაც შედეგად ფასების ზრდა და მოსახლეობის უფრო მეტად გაღარიბება მოჰყვება.
„მთავარი ფაქტორი არის უგუნური პოლიტიკა,რომელსაც აწარმოებს მთავრობა. ეს გავლენას მოახდენს უკვე მოახდინა, საწვავის ფასი აუცილებლად გაიზრდება და იმპორტული საქონელი, რომელიც მიბმული არის ლარის კურსთან აუცილებად გაძვირდება. ამის გარდა ლარის გაუფასურება იწვევს ფაქტობრივად ბიზნესების დახურვას,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობა და ეროვნული ბანკი არ აპირებს ებრძოლოს ლარის გაუფასურების პირობებში პროდუქტებზე ფასების ზრდას.
მისი თქმით, გაღარიბებულ და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდებათ.