19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
საქართველოს პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურებს - ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა. კოკა კაციტაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საექსტრადიციო პროცედურები ისევ გრძელდება.

პროკურატუაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

"საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული აქვს, ეს სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და არ შეწყვეტილა. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხის, მოქალაქეობის დაკარგვა ან მისი აღდგენა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და საექსტრადიციო პროცედურებზე. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც უკვე არის გასამართლებული. კერძოდ, იგი მსჯავრდებული არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო განხილვები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე და 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეებზე,“ - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა.

დღის ამბები